გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაზე მიმართვა: უფლება თუ ვალდებულება?! პასუხისმგებლობის საკითხები გადახდისუუნარობის პროცესში

31.05.2021 Author: თამთა მარგველაშვილი

Share

გადახდისუუნარობის რეფორმა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის (შემდგომში „რკკდშ“) სახით მნიშვნელოვან განვითარებას გვთავაზობს განმცხადებელი სუბიექტების მიმართულებით. ადრე მოქმედი კანონისგან განსხვავებით, რომელიც მოვალესა და გარკვეული კატეგორიის კრედიტორებს ანიჭებდა უფლებამოსილებას მიემართათ სასამართლოსთვის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით, დღეს მოქმედი კანონით მოვალე და ნებისმიერი კრედიტორი გვევლინება სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების განმცხადებლად. თუმცა, საკითხავია, გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაზე განცხადებით მიმართვა წარმოადგენს უფლებას თუ ვალდებულებას?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადახდისუუნარობის პროცესის შეფასება ორი განსხვავებული პერსპექტივიდან უნდა მოხდეს: მოვალისა და კრედიტორის. გადახდისუუნარობის პროცესის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორი ინდივიდუალური აღსრულების ნაცვლად მიმართავს გადახდისუუნარობის კანონმდებლობით შემოთავაზებულ მექანიზმებს, რომლის მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, თუმცა, ამავდროულად, უზრუნველყოფს საბაზრო ეკონომიკის მონაწილეებს შორის რისკების განაწილებას პროგნოზირებადი, სამართლიანი და გამჭვირვალე ფორმით. გადახდისუუნარობის მექანიზმები, ამავდროულად, განაპირობებენ  მოვალე სუბიექტის ღირებულების შენარჩუნებასა და მაქსიმალურად გაზრდას, რაც ყველა დაინტერესებული მხარისა და ზოგადად ეკონომიკის სასარგებლოდ ხორციელდება. გადახდისუუნარობის კანონმდებლობა ემსახურება იმ სტერეოტიპების დანგრევას, რომლის მიხედვით მოვალეები ყოველთვის თაღლითები და  არაკომპეტენტურები არიან, ხოლო კრედიტორები მომხვეჭელები და ეგოისტები. მართალია, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კომპანიები შეიძლება ფინანსურ სიძნელეებში აღმოჩნდნენ არასწორი მენეჯმენტის გამო, მაგრამ, ასევე, გასათვალისწინებელია მათგან დამოუკიდებელი ეკონომიკური სირთულეები.

და მაინც, მთავარ შეკითხვას, რომ დავუბრუნდეთ, ახალი კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება არის მოწესრიგებული. სიტყვა-სიტყვით „უფლება“ და არამც და არამც ვალდებულება. თუმცა, საკმარისია კი მხოლოდ ამ მუხლის ანალიზი დასკვნის გამოსატანად?

მართლაც, ცალსახაა, რომ კრედიტორებისთვის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყება ვერ იქნება ვალდებულება. სხვაგვარად არის საქმე, როდესაც მოვალის პერსპექტივიდან ვიწყებთ საუბარს, ერთვება რა მე-16 მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით მოვალის მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის ვალდებულება წესრიგდება.  მოვალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირებმა გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არაუგვიანეს 3 კვირისა სასამართლოს უნდა წარუდგინონ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჩანაწერი ,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მხოლოდ მეწარმეთა შესახებ კანონში მოიძებნებოდა, დღეს კი ის უშუალოდ რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონითაც იქნა განსაზღვრული.

რა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზეა საუბარი? საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით „გადახდისუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარუდგენლობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“ ვინ იგულისხმება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირში და რატომ დირექტორი? პასუხი მარტივია, მას უნდა ჰქონდეს საწარმოს ფინანსური და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, ზრუნავდეს მის განვითარებასა და ფინანსური სიძნელეების დაღწევის საშუალებაზე.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვალე საწარმოს რამდენიმე დირექტორი ჰყავს და მათგან თითოეულს თავისი მოქმედების არეალი გააჩნია? რა შემთხვევაში შეიძლება მათი პასუხისგებაში მიცემა? მოქმედებს თუა რა თანაბრალეულობა? აქვს თუ არა პროკურატურას ვალდებულება შეამოწმოს თითოეული მათგანის შემხებლობა და უფლებამოსილებანი? როგორ უნდა დადგეს ამ მუხლით პასუხისმგებლობის საკითხი? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ნორმატიულ აქტებში ნაკლებად მოიძებნება. პრაქტიკაც ამ საკითზე ბევრს არაფერს ამბობს. საუკეთესო შემთხვევაში მართლწინააღმდეგობისა და  ბრალის შერაცხვის ეტაპზე უნდა განხორციელდეს თითოეული დირექტორის პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენა მათი შედეგის დადგომაში მონაწილეობის პროპორციულად.

კიდევ ერთი მნიშნველოვანი საკიხია სისხლის სამართლის კოდექსში გამოყენებული ტერმინი „გადახდისუუნარობისას“. გულისხმობს თუ არა ეს აუცილებლად იმ შემთხვევას, როცა სასამართლოში გადახდისუუნარობის საქმისწარმოებაა დაწყებული?! იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი გაჩნდა როცა მოქმედებდა ,,გაკოტრების შესახებ“ კანონი, ტერმინ ,,გადახდისუუნარობაში“ უნდა ვიგულისხმოთ ფაქტობრივი მდგომარეობა როცა მოვალე ვერ ასრულებს ვადამოსულ ვალდებულებებს,  და არა ის პერიოდი რომელიც იწყება მოვალის მიმართ გადადხდისუუნარობის პროცესის დაწყებაზე სასამართლოს განჩინებით.

აუცილებელია, რომ დირექტორმა დროულად განაცხადოს გადახდისუუნარობის შესახებ. კანმონი გადახდისუუნარობის ფაქტობრივი მდგომარეობის დადგომას  უკავშირებს დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს მიმართოს შესაბამისი განცხადებით სასამართლოს. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის ჩანაწერის განმარტება ამ საკითხზე სხვა დათქმებთან ერთიანობაში უნდა შეფასდეს.  

პასუხისმგებლობის საკითხი გადახდისუუნარობის პროცესის ინიცირების ეტაპზე არ შემოიფარგლება მარტო სისხლის სამართლის მიმართულებით.  სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხი წამოიჭრება იმ შემთხვევაში, თუ ზიანი მიადგება საწარმოს ან კრედიტორს გადახდისუუნარობის თაობაზე სასამართლოსათვის დროული მიუმართაობის შედეგად. ზიანი რამდენიმე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ: გაჭიანურებამ შეიძლება ვალდებულებების ზრდა გამოიწვიოს, რაც სამეურვეო მასას უქმნის საფრთხეს, ასევე, მცირდება შანსები რეაბილიტაციის პროცესის დროს მოვალის მართვაში დატოვების და თავის მხრივ თავად რეაბილიტაციის შედეგად კრედიტორთა მოთხოვნების უკეთ დაკმაყოფილების. თუმცა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის სუბიექტი მხოლოდ დირექტორი შეიძლება არ აღმოჩნდეს და ის ასევე გავრცელდეს პარტნიორებზე, რაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეფასების საგანი იქნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულსAssociate Tamta Margvelashvili, as a host on “Business Morning” (BMG) TV program

ბლოგში მოცემული მოსაზრებები და შეფასებები არის ინფორმაციული ხასიათის და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც შ.პ.ს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მიერ გაცემული სამართლებრივი რჩევა"