გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების ზოგადი მიმოხილვა რეფორმის შემდეგ

13.05.2021 Author: თამთა მარგველაშვილი

Share

გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების ზოგადი მიმოხილვა რეფორმის შემდეგ - მხოლოდ გაკოტრება თუ ფინანსური სიძნელეების დაძლევის სხვა მექანიზმები?!

საკითხავი დრო: 7 წთ

·        გადახდისუუნარობის კანონმდებლობა 1996-2021

·        გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყვების საფუძვლები და სუბიექტები

·        გადახდისუუნარობის რეჟიმები (ზოგადი)

·        გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ინიცირება

·        გადახდისუუნარობის მორალურობა

ალბათ, ხშირად გვსმენია ფინანსური კრიზისის მდგომარეობაში მყოფ კომპანიაზე - „გაკოტრდა“, „ვალი ვერ გადაიხადა“, „ვალდებულება ვერ შეასრულა“ და „გააკოტრეს“. საზოგადოებაში დამკვიდრებულია სტიგმა, რომ თუ საწარმო გადახდისუუნაროა, ის გაკოტრებულია და მისი გაჯანსაღება წარმოუდგენელია. თუმცა, არის თუ არა გადახდისუუნარობა და გაკოტრება ერთმანეთის სინონიმი და აუცილებლად კომპანიის ეკონომიკური გარდაცვალების მომასწავებელი?!

ეს რიტორიკული შეკითხვა ქვეცნობიერში აღძრავს ანტაგონისტურ დამოკიდებულებას. ფუჭად, ხომ არ მოგვივიდოდა თავში აზრად მათი დაპირისპირება. თუმცა, მეორე მხრივ, აბა, სხვა რა არის გადახდისუუნარობა თუ არა ვალაუვალობა და ვალაუვალობა = გაკოტრებას?!

რეალობაში, გადახდისუუნარობა ეს არის საწარმოს ფინანსური სიძნელეების კულმინაცია, როდესაც ის  ვეღარ ახერხებს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს საწყის ეტაპზევე მისი გაკოტრების დიაგნოზს. ვენის დიაგრამები, რომ წარმოვიდგინოთ, გადახდისუუნარობა ის დიდი წრე იქნება, რომელიც თავის თავში პროცედურული კუთხით რამდენიმე პატარა წრეს აერთიანებს, მათ შორის გაკოტრებას, რეაბილიტაციასა და რესტრუქტურიზაციის სხვა მექანიზმებს. ეს პატარა წრეები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ როგორღაც მოვალე დაექვემდებარება ფორმალურ პროცესს. ამისათვის კი, პირველ ყოვლისა, მასზე უნდა გავრცელდეს გადახდისუუნარობის შესახებ კანონმდებლობა.

აქ, კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეკითხვა ჩნდება: როდის ექვემდებარება მოვალე გადახდისუუნარობის კანონმდებლობას და რომელ კანონს მოიცავს ეს უკანასკნელი. საქართველოში გადახდისუუნარობის საქმისწარმოების ისტორია სამ მნიშვნელოვან აქტთან არის დაკავშირებული: „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის კანონი, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის კანონი და დღეს, 2021 წლის პირველი აპრილიდან მოქმედი  „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ (შემდგომში „რკკდშ“) საქართველოს კანონი. აღსანიშნავია, რომ რკკდშ 2021 წლის პირველი აპრილიდან გახსნილ გადახდისუუნარობის საქმეებზე ვრცელდება, ხოლო პირველ აპრილამდე მიმდინარე პროცესები წარიმართება 2007 წლის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ კანონით.

გადახდისუუნარობის კანონმდებლობის ევოლუციის ლოგიკურ ჯაჭვს მისი სახელწოდების ცვლილებაც ნათელყოფს. თუ 1996 წლის ვერსია გაკოტრებას მიიჩნევდა პროცესების მართვის მთავარ შესაძლებლობად, დღეს მოქმედი კანონი რეაბილიტაციის უპირატესობაზე მიუთითებს, ხოლო რეაბილიტაციის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა კოლექტიურ დაკმაყოფილებაზე. უდავოა, რომ ახალი კანონი მხოლოდ ტერმინოლოგიურ ცვლილებებს არ გვთავაზობს. მასში ბევრი სასიკეთო განვითარებაა ჩადებული იმისათვის, რომ „ვალაუვალობა“ მხოლოდ „გაკოტრებას“ არ ნიშნავდეს.

მეორე შეკითხვა, როგორც ზემოთ აღინიშნა, უკავშირდება, იმ მომენტის განსაზღვრას, თუ როდის ხდება მოვალე გადახდისუუნარობის კანონის სუბიექტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასარკვევია, ვრცელდება თუ არა მასზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონი და  არის თუ არა მოვალე გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე.

პირველ შემთხვევაში, საკითხი მარტივად დგას და კანონის მოქმედების სფეროს გარკვევაში მეოთხე მუხლი დაგვეხმარება. წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი კანონი არ ეხება ინდივიდუალური მეწარმის გადახდისუუნარობის საკითხებს. ამასთან, მისი მოქმედება ვრცელდება, როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ სამეწარმეო სუბიექტებზე,  ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებზე, არარეგისტრირებული კავშირებზე (გაერთიანებაზე), ამხანაგობაზე და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურიდიული პირსა და სხვა წარმონაქმნზე (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას იურიდიული პირის სტატუსი), რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს და რომლის მთავარი ინტერესების ცენტრი საქართველოშია.

კანონის მეოთხე მუხლის მეორე ნაწილი ნეგატიურ ჩამონათვალს შეიცავს, რომლის მიხედვით რკკდშ-ს მოქმედების მიღმაა ფიზიკური პირების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და იმ საბანკო/არასაბანკო დაწესებულებების გადახდისუუნარობა, რომლებიც სპეციალური კანონმდებლობით რეგულირდება.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძვლებისთვის უნდა გავარკვიოთ, არის თუ არა მოვალე გადახდისუუნარო, ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, ხოლო მოსალოდნელი გადახდისუუნარობის შემთხვევაში არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ საწარმო გარკვეულ ეტაპზე უკვე ვერ შეძლებს ვადამოსული ვალდებულებების შესრულებას.  აღნიშნული მდგომარეობის შეფასება გარკვეულ სინთეზურ კვლევას გულისხმობს და ისეთ სფეროებში იჭრება, როგორიც არის ეკონომიკა, აუდიტი, საგადასახადო და სხვა, რაც ნათელყოფს,  გადახდისუუნარობა ეს არის ინტერ და მულტიდისციპლინური დარგი, რომელიც სამართალთან კავშირში მნიშვნელოვან ბერკეტებს წარმოშობს სამეწარმეო ფუნქციონალის შესანარჩუნებლად.

აღსანიშნავია, რომ რეფორმის შედეგად კრედიტორებისთვის მოვალის გადახდისუუნარობის დაწყებისათვის სასამართლოსათვის მიმართვა გამარტივდა. კანონმა პირდაპირ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომელთა არსებობისას ,,შესაძლოა“ ვივარაუდოთ მოვალის გადახდისუუნარობა. „შესაძლოა“ იმიტომ, რომ პრეზუმფცია გულისხმობს ვარაუდს საპირისპიროს დამტკიცებამდე. საპირისპიროს დამტკიცება კი, სასამართლოში ინიცირების ეტაპზე ორივე მხარის პოზიციის შეჯერების შედეგად ხდება, რომლის შედეგადაც წყდება გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნის საკითხი.

ფინანსური სიძნელეების დაძლევის მნიშვნელოვან ბერკეტებზე საუბარი მთავარ შეკითხვასთან გვაბრუნებს: გაკოტრების გარდა, რა მექანიზმებს ითვალისწინებს კანონმდებლობა გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი საწარმოს გასაჯანსაღებლად? ცალსახად, კანონის დასახელებიდან გამომდინარე „რეაბილიტაცია“ ერთ-ერთი უმთავრესი რეჟიმია. მართალია,  გადახდისუუნარობის მიმართულებით მასშტაბურ რეფორმას მის შემოღებას ვერ მივაწერთ, თუმცა, პროცესუალური კუთხით განვითარება აშკარად თვალშისაცემია.

მეორე რეჟიმი, რომელიც კანონის მიზნის მიხედვით რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში გამოიყენება, არის გაკოტრება და მიმდინარეობს გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით. კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილება ორივე შემთხვევაში ამოსავალი მიზანია და გულისხმობს კრედიტორთა, როგორც ერთიანი მთლიანობის, მათი მოთხოვნების რიგითობის მიხედვით და პროპორციულ დაკმაყოფილებას.

ახალი კანონის უმნიშვნელოვანესი ნოვაცია მესამე მექანიზმს, ,,რეგულირებულ შეთანხმებას“ უკავშირდება, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია გადახდისუუნარობის არაფორმალური საქმისწარმოების მიმართულებით. მისი იდეა უკავშირდება გაერთიანებული სამეფოს 1986 წლის გადახდისუუნარობის აქტში მოწესრიგებულ კომპანიის ნებაყოფლობითი შეთანხმების მექანიზმს, თუმცა, რკკდშ-ში მისი უცვლელად გადმოტანა არ მომხდარა. კანონის მიხედვით რეგულირებული შეთანხმება არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალესა და კრედიტორებს შორის მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება, რომელშიც გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს ზედამხედველის როლი აქვს, ხოლო თავად პროცესი სასამართლოს ნაკლები ჩართულობით  მიმდინარეობს. ამასთან, საწარმოს მართვას განაგრძობს მოვალე და მის ფარგლებში გამორიცხულია მოვალის ლიკვიდაცია/გაკოტრება.

ყოველივე ზემოთ თქმული ცხადჰყოფს, რომ პროცესუალური კუთხით გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი საწარმოსთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონი სამ ოფციას გამოჰყოფს, რომელიც გადახდისუუნარობის შესახებ სასამართლოსადმი წარსადგენ განცხადებაშივე უნდა მიეთითოს. ეს რეფორმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად უნდა ჩაითვალოს, რადგან წინა კანონისგან განსხვავებით განმცხადებელი წყვეტს, თუ რომელი რეჟიმით სურს გადახდისუუნარობის პროცესის წარმართვა, რაც სრულებით უგულებელყოფს წინა კანონით გათვალისწინებული მომრიგებელი საბჭოს ინსტიტუტს. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი კვალიფიციურად დუმს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიიღოს განმცხადებელმა გადაწყვეტილება რეჟიმების არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა, ინიცირების ეტაპზე გათვალისწინებული განმცხადებლის პასუხისმგებლობა, სასამართლოს კონტროლი და რეჟიმების კონვერსიის (გაკოტრების რეჟიმის გადასვლა რეაბილიტაციაში და პირიქით - რეაბილიტაციის რეჟიმის გადასვლა გაკოტრებაში) შესაძლებლობა ერთგვარ დამცავ ფუნქციას ატარებს პროცესის ჯანსაღად წარმართვისთვის.

საწყის ეტაპზევე კანონმდებელმა  კიდევ ერთი ხელშესახები განვითარება შემოგვთავაზა მოვალის გადახდისუუნარობის წარმოების გახსნის მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე უფლებამოსილი პირების კუთხით. ადრე მოქმედი კანონისგან განსხვავებით, რომელიც მეტად ფოკუსირდებოდა ფორმალურ წინაპირობებზე, რადგან მოვალესა და მხოლოდ გარკვეული კატეგორიის კრედიტორებს ანიჭებდა მიმართვის უფლებას და არც გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნამდე მეორე მხარის პოზიციას იკვლევდა, ახალი კანონი ამ მიმართულებით ბევრად უფრო მოქნილ პროცედურებს გვთავაზობს. რკკდშ-ს მიხედვით გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თავდაპირველი მოთხოვნის უფლება აქვს როგორც მოვალეს, საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ასევე ნებისმიერ კრედიტორს. საგულისხმოა, რომ პროცედურული კუთხით ახალი კანონის მიერ ინიცირების საკითხის ამგვარი მოწესრიგება,  ბევრად უფრო ამარტივებს  საქმისწარმოების დაწყებას და ერთგვარ ფარს ქმნის, რომ თავიდან იქნეს აცილებული გადახდისუუნარობის უსაფუძვლო გახსნის შემთხვევები.

და ბოლოს, არის თუ არა გადახდისუუნარობა მორალურად გამართლებული ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ უნდა გრძნობდეს, თუ არა მოვალე თავს დამნაშავედ იმ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომელიც ეკონომიკური აღმავლობის ან სტაბილურობის პერიოდში აიღო, საკმაო ვრცელი მსჯელობის საგანია და დიდი დრო დასჭირდება მის შეფასებას. თუმცა, შეფასებისთვის შემდეგი კითხვები გამოგვადგება: რამდენად დროულად დაიწყო მოვალემ გადახდისუუნარობის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და ხომ არ იყო მისი ქმედებები სპეციალურად მიმართული საწარმოს გადახდისუუნარობის მდგომარეობამდე მიყვანამდე. ბიზნესის ზრდა და ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია რისკებისა და სხვისი დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი სახსრებით. გადახდისუუნარობის მდგომარეობა, თუ ხელოვნურად არ არის გამოწვეული, უფრო რისკების გაუთვალისწინებლობის ანდა არაგონივრული მართვის შედეგია, ვიდრე მოვალის მხრიდან ამორალური ქმედება. თანაც, გადახდისუუნარობა არ არის საბოლოო განაჩენი. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის, კრედიტორებისა და მოვალის ერთობლივი ძალისხმევითა და გადახდისუუნარობის კანონმდებლობის სწორი და დროული გამოყენებით შესაძლებელი ხდება ფინანსური სიძნელეების ეფექტურად და ეფექტიანად დაძლევა. 

ბლოგში მოცემული მოსაზრებები და შეფასებები არის ინფორმაციული ხასიათის და არ უნდა იქნას აღქმული, როგორც შ.პ.ს. „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ მიერ გაცემული სამართლებრივი რჩევა"